პოდაგრის შეტევა შეიძლება სხეულის სხვადასხვა ნაწილში განვითარდეს
პოდაგრა ვლინდება შარდმჟავას ნემსისმაგვარი კრისტალების ქსოვილებსა და სახსრებში ჭარბი რაოდენობით დალექვისას. პოდაგრის პირველი სიმპტომია კონკრეტული სახსრის შესიება და მტანჯველი ტკივილი, რაც ხშირად დაავადების ან დაზიანების შემდეგ ვითარდება. შემთხვევათა 80%-ში ზიანდება ტერფის სახსრები, მათ შორის, პაციენტების 60%-ს უზიანდება წინატერფ-ფალანგთაშუა სახსრები. კოჭის, მხრის ან მუხლის სახსრების ჩათრევა ნაკლებად დამახასიათებელია.
ტერფის პოდაგრის შეტევის დროს:
- სახსარი ძალიან მტკივნეულია;
- შეწითლებული, შეშუპებული და ცხელია შეხებისას;
- ძალიან მგრძნობიარეა ნებისმიერი შეხების მიმართ;
- შეიძლება, სახეზე გვქონდეს სხვა სიმპტომებიც - ცხელება, თავის ტკივილი, სისუსტე.
რამდენ ხანს გრძელდება პოდაგრის შეტევა?
მკურნალობის გარეშე, პოდაგრის შეტევა შეიძლება გაგრძელდეს სამიდან თოთხმეტ დღემდე, ვიდრე არ ჩაცხრება ანთება და არ გაივლის ტკივილი. ჩვეულებრივ, დაზიანებული სახსრის ირგვლივ კანი იქერცლება; ასევე, დამახასიათებელია ამ მიდამოს ქავილი.
თუ პოდაგრაზე ეჭვობთ ან მიგაჩნიათ, რომ წარსულში გქონდათ მისი შეტევა, რაც შეიძლება დროულად მიმართეთ ექიმს.
პოდაგრის ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა სრულიად ცვლის დაავადების მიმდინარეობას.