რა არის შარდმჟავა?
შარდმჟავა ორგანიზმში წარმოიქმნება მიღებული საკვების (მაგ., ხორცის) გადამუშავების პროცესში ნუკლეინის მჟავებისა და პურინების დაშლის შედეგად; ორგანიზმიდან კი თირკმლების მეშვეობით გამოიყოფა.
როგორია შარდმჟავას ნორმალური დონე?
ზოგიერთი პურინი გამომუშავდება ორგანიზმის ჩვეულებრივი ფუნქციონირების პროცესში და გარდაიქმნება 300-400 მგ შარდმჟავად ყოველდღიურად. ამის გარდა პურინები ორგანიზმში საკვების მეშვეობითაც ხვდება და ასევე გარდაიქმნება შარდმჟავად (300-დან 600 მგ-მდე დღეში). ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი შეიცავს 1 კგ-მდე შარდმჟავას. საინტერესო ფაქტია - ჩვეულებრივ, შარდმჟავას კონცენტრაცია სისხლში დილით უფრო მაღალია, ვიდრე საღამოს. შარდმჟავას ნორმალური შემცველობა 6 მგ/დლ-ზე, ან 360 მმოლი/ლ-ზე ნაკლებია. შარდმჟავას ნორმაზე მაღალ დონეს ეწოდება ჰიპერურიკემია.
როგორ ტარდება შარდმჟავას ანალიზი?
შარდმჟავას კონცენტრაცია იზომება სისხლისა და შარდის სინჯების ლაბორატორიული გამოკვლევით. პოდაგრის მქონე პაციენტების სისხლში შარდმჟავას დონე, როგორც წესი, 7 მგ/დლ-ს აჭარბებს. ამის საპირისპიროდ, შარდში შარდმჟავას შემცველობა ნორმალურზე დაბალია. პოდაგრის შეტევის დროს, შარდმჟავას მაღალი დონე ხშირად არ ვლინდება; ძირითადად, მაღალია ის მაჩვენებლები, რომლებიც ანთებით პროცესზე მიუთითითებს.
რატომ არის მაღალი შარდმჟავას დონე?
სისხლში ნორმალურზე მაღალი შარდმჟავას დონე გამოწვეულია ორგანიზმის მიერ შარდმჟავას გადამეტებული გამომუშავებით ან თირკმლების მეშვეობით მათი გამოყოფის შეფერხებით. არსებობს შარდმჟავას დონის მომატების რამდენიმე შესაძლო მიზეზი:
- პურინებით მდიდარი საკვების მოხმარება, რომელთა გადამუშავების შედეგად მიიღება შარდმჟავა;
- შარდმჟავას ჭარბი წარმოქმნა მრავალი უჯრედის დაშლის გამო;
- თირკმელების მიერ შარდმჟავას არასაკმარისი ფილტრაცია და გამოყოფა
რა უნდა იცოდეს პაციენტმა შარდმჟავას შემცველობის შესახებ?
პოდაგრის მქონე პაციენტებში სისხლში შარდმჟავას კონცენტრაცია 6 მგ/დლ-ზე (მძიმე ფორმის შემთხვევაში, 5 მგ/დლ-ზე) დაბალი უნდა იყოს. ამ მიზნის მიღწევაში შარდმჟავას დონის დამაქვეითებელი მედიკამენტები დაგეხმარებათ.
როგორ დავაქვეითოთ შარდმჟავას დონე?
შარდმჟავას დონის დაქვეითების სხვადასხვა საშუალება არსებობს - მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია დიეტა პურინების დაბალი შემცველობით.
- ერიდეთ მაღალკალორიულ საკვებს, შიმშილს და გაუწყლოებას
- ყოველდღიურად მიიღეთ, სულ მცირე, 2 ლიტრი სითხე
- შეწყვიტეთ ალკოჰოლის მოხმარება
- ნელ-ნელა შეამცირეთ ჭარბი წონა ჯანსაღი კვებისა და ვარჯიშის დახმარებით. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს შარდმჟავას დონის დაქვეითებას. ასევე მნიშვნელოვანია შარდმჟავას დონის დამაქვეითებელი თერაპია. ეს მედიკამენტები უნდა დაგინიშნოთ ექიმმა.