რა იწვევს პოდაგრას (ნიკრისის ქარს)?
პოდაგრის ანუ ნიკრისის ქარის განვითარებას, ჩვეულებრივ, ხელს უწყობს: არასწორი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, სიმსუქნე ან ჭარბწონიანობა, მეტაბოლური სინდრომი (მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის დონის მომატება) და მემკვიდრული დატვირთვა. სხეულის მასის მაღალი ინდექსი (წონა/სიმაღლე2), წელისა და თეძოების გარშემოწერილობის დარღვეული თანაფარდობა და წონის მომატება მიჩნეულია მამაკაცებში პოდაგრის განვითარების რისკად. სიმსუქნე და ინსულინისადმი რეზისტენტობის მომატება (რომელიც ზრდის დიაბეტის რისკს) დაკავშირებულია ჰიპერურიკემიასთან. დაავადების განვითარებაში სულ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მემკვიდრული წინასწარგანწყობა.
პოდაგრის ჩამოყალიბებას წლები სჭირდება და ამ დროის განმავლობაში ავადმყოფობა რამდენიმე სტადიას გაივლის:
- ჰიპერურიკემია;
- მწვავე პოადგრა;
- ქრონიკული პოდაგრა.
პოდაგრის განვითარება გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება პოდაგრა
ჩამოტვირთეთ PDF ბროშურა პოდაგრის განვითარება"
როგორ ვითარდება პოდაგრა?
პოდაგრა ვითარდება სისხლში შარდმჟავას დონის მომატების (ჰიპერურიკემია) შედეგად და პროგრესირებს წლების განმავლობაში.
ამჟამად აღწერილია დაავადების ოთხი სხვადასხვა სტადია:
პირველი სტადია: უსიმპტომო ჰიპერურიკემია
ჩვეულებრივ, პოდაგრა უსიმპტომოდ იწყება. დაავადების ადრეული ხანა შეიძლება მხოლოდ შარდმჟავას დონის ოდნავი მომატებით იყოს წარმოდგენილი და არავითარი სხვა გამოვლინება არ ახლდეს თან. ამგვარი მდგომარეობა შეიძლება წლები გაგრძელდეს და მას უსიმპტომო ჰიპერურიკემია ეწოდება. ამ ეტაპზე პაციენტებს იშვიათად უსვამენ დიაგნოზს. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერურიკემია ჩვეულებრივ არ იწვევს სიმპტომებს, შარდმჟავას მომატებულმა დონემ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს თირკმლებზე, გულსა და სისხლძარღვებზე. იშვიათი გამონაკლისის გარდა, დიაგნოზი მხოლოდ მაშინ ისმება, როდესაც პაციენტს პოდაგრის შეტევა ან თირკმლების დაავადება უვითარდება.
მეორე სტადია: პოდაგრის მწვავე შეტევა
პოდაგრის პირველი მწვავე შეტევა ხშირად გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე ვითარდება. ჩვეულებრივ, ძლიერი ტკივილის შეტევა ვითარდება ღამით ან გამთენიისას. დაზიანებული სახსარი, ჩვეულებრივ, უკიდურესად მგრძნობიარეა; ხელის შეხება და მოძრაობის მცდელობა ტკივილს კიდევ უფრო ამძაფრებს. იგი შესიებულია, ცხელია და მოწითალო-მოლურჯო ელფერი დაჰკრავს. შეტევას ხშირად ცხელებაც თან სდევს. მკურნალობის გარეშე შეტევა შეიძლება რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაშიც კი გაგრძელდეს. პოდაგრის ნებაზე მიშვებისას (თუ არ უმკურნალებთ) შეტევები სულ უფრო და უფრო მძაფრდება, ხშირდება და სხვა სახსრებზედაც ვრცელდება.
გაიგეთ მეტი შარდმჟავას სახსარზე დალექვისა და მტკივნეული კრისტალების აღმოცენების თაობაზე
ჩამოტვირთეთ PDF-ბროშურა: პოდაგრა - შარდმჟავას მტკივნეული კრისტალები"
მესამე სტადია: პერიოდები სიმპტომების გარეშე, პოდაგრის შეტევებს შორის დრო
მკურნალობის გარეშე პოდაგრის შეტევები მეორდება არარეგულარული ინტერვალებით. მიუხედავად იმისა, რომ შეტევებს შორის პერიოდში დაავადების ნიშნები არ არის, შარდმჟავას დონე მომატებულია.
მეოთხე სტადია: ქრონიკული პოდაგრა
ქრონიკული პოდაგრა მრავალსისტემური დაავადებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ზიანდება სხეულის სხვადასხვა ნაწილი, და, შესაბამისად, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. როდესაც პოდაგრა ქრონიკულ ხასიათს იძენს, ის აზიანებს სახსრებსა და რბილ ქსოვილებს, ასევე თირკმლებსა და სხვა ორგანოებს - გულს ან ნაწლავებს. პოდაგრის მქონე მამაკაცებს ერექციის დისფუნქციის (დარღვევის) მომატებული რისკი (1,21-ჯერ) აღენიშნებათ. პოდაგრა განუხრელად მზარდი, ანუ ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა. ამდენად, მდგომარეობა თანდათან უარესდება და გრძელვადიან მკურნალობას და შარდმჟავას დონის მუდმივ ზედამხედველობას ითხოვს. პოდაგრის მწვავე შეტევის დასრულებას მოსდევს ე.წ „რემისიის ფაზა“, რომლის დროსაც სიმპტომების გამოვლენა არ ხდება. თუ ჰიპერურიკემიას სათანადოდ არ ვუმკურნალებთ, რემისია შეიძლება უეცრად შეწყდეს და ახალი შეტევა განვითარდეს. რემისიის ფაზა უფრო ხანგრძლივია პირველი შეტევის შემდეგ. სათანადო მკურნალობის გარეშე, შეტევები თანდათან ხშირდება და მძიმდება.
ჩვეულებრივ, შარდმჟავა კრისტალები ილექება თირკმლებში, რაც კიდევ უფრო აძნელებს შარდმჟავას გამოდევნას და იწვევს თირკმლებში კენჭების წარმოქმნას. ამის გამო, შარდის მჟავიანობა მატულობს და თავის მხრივ, ხელს უწყობს თირკმლებში უფრო მეტი კენჭის წარმოქმნას. სახსრებში შარდმჟავა კრისტალების ჩალაგება საფრთხის შემცველია, რადგან იწვევს ანთებით პროცესს.
თუ პოდაგრა არასათანადოდაა ნამკურნალები,
შეიძლება იმდენად დააზიანოს სახსარი, რომ საბოლოო ჯამში, მისი რღვევაც კი გამოიწვიოს.
უპირატესად ზიანდება ტერფები და ხელის მტევნები, შემდეგ მოდის იდაყვები და მუხლები; ასეთ დაზიანებას შედეგად სახსრების მოძრაობის შეზღუდვა მოჰყვება. დაზიანებული ძვლები და სახსრები უფრო მყიფე და ადვილად მტვრევადი ხდება.
მრავალრიცხოვანი კვლევებით დადასტურებულია, რომ შარდმჟავას მომატებულმა დონემ შეიძლება გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს სისხლძარღვებზე და შემდგომში გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა დაავადების საფრთხე. მაღალი არტერიული წნევით განპირობებული გულ-სისხლძარღვთა დაზიანება თავად იწვევს შარდმჟავას დონის მომატებას. პოდაგრის მქონე პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ მაღალი არტერიული წნევა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ორივე დაავადება შეიძლება იყოს თირკმლების ქრონიკული უკმარისობის შედეგი.