ტერმინოლოგია

პოდაგრის ტიპები

არსებობს თუ არა პოდაგრის განსხვავებული ტიპები?

პოდაგრა ყალიბდება წლების განმავლობაში, როგორც შარდმჟავას დონის მომატების (ჰიპერურიკემია) შედეგი. ამჟამად აღწერილია დაავადების ოთხი სხვადასხვა სტადია:

I სტადია:

უსიმპტომო ჰიპერურიკემია

II სტადია:

პოდაგრის მწვავე შეტევა

III სტადია

პერიოდები სიმპტომების გარეშე პოდაგრის დროდადრო განმეორებად შეტევებს შორის

IV სტადია

ქრონიკული პოდაგრა

პოდაგრის ქრონიკულ სტადიას ეწოდება „კვანძოვანი პოდაგრა“. ამ სტადიაზე, ორგანიზმი რბილი ქსოვილების მიდამოებში წარმოქმნის შარდმჟავა კრისტალების კვანძებს (ტოფუსებს).

პოდაგრა

პოდაგრა ანუ ნიკრისის ქარი არის ფეხის ცერა თითის სახსრის მწვავე შეტევა. შემთხვევათა დაახლოებით ნახევარში, დაზიანებულია ქვედა კიდურის წინატერფ- ფალანგთაშუა სახსარი, რომელიც მდებარეობს ფეხის ცერა თითის ძირზე.

პოდაგრული ართრიტი

პოდაგრა ართრიტის ნაირსახეობაა, რომელსაც თან ახლავს ჰიპერურიკემია. შარდმჟავას 6 მგ/დლ-ზე (360 მმოლ/ლ) უფრო მაღალი   კონცენტრაცია იწვევს შარდმჟავა კრისტალების წარმოქმნას და მათ ქსოვილებში ჩალაგებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ანთება, რაც გამოიხატება მწვავე პოდაგრული ართრიტის შეტევებით. შემთხვევათა 40-60%-ში, პირველი შეტევიდან ერთი წლის განმავლობაში ვითარდება პოდაგრის შემდეგი შეტევა. პოდაგრის მქონე პაციენტების უმრავლესობაში, დროთა განამავლობაში შეტევები თანდათან ხშირდება, მძიმდება და ხანგრძლივდება.

ტოფუსები

ტოფუსი ლათინური სიტყვაა და „ქვას“ ნიშნავს. ტოფუსები ფორმირდება ქრონიკული ნიკრისის ქარის სტადიაზე შარდმჟავა კრისტალებისგან, რომლებიც ლაგდება რბილ ქსოვილებში. ტოფუსები შეიძლება წარმოიქმნას სახსრებში, ხრტილებში, ძვლებში და სხეულის სხვა ნაწილებში. ზოგჯერ, ტოფუსმა შეიძლება კანში გამოაღწიოს და გამოათავისუფლოს მოთეთრო-მოყვითალო ცარცისებრი შიგთავსი.

კვანძოვანი პოდაგრა

პოდაგრის ქრონიკულ ფორმას უწოდებენ „კვანძოვან პოდაგრას“. ამ სტადიაზე, ორგანიზმი რბილი ქსოვილების მიდამოებში წარმოქმნის შარდმჟავა კრისტალების კვანძებს (ტოფუსებს).

„კვანძოვანი დაზიანებები“ ვითარდება უმკურნალებელ პაციენტებში და იწვევს სახსრების დეფორმაციით და რღვევით მიმდინარე ქრონიკულ ართრიტს (პოდაგრული ართროპათია) და ძვლების, მყესების, სასახსრე ჩანთების, კანისა და მკვრივი ორგანოების ანალოგიურ დაზიანებას. ხშირ შემთხვევაში, პოდაგრის  განმეორებადი შეტევები, ქრონიკული ართროპათია და ტოფუსები  უშუალოდაა პასუხისმგებელი  ქრონიკულ ტკივილზე, უუნარობასა და ცხოვრების ხარისხის გაუარესებაზე. ეს სიმპტომები მნიშვნელოვნად მცირდება ან ქრება, როდესაც შარდმჟავას დონის დამაქვეითებელი მკურნალობის მეშვეობით ხერხდება შარდმჟავას დონის გრძელვადიანი დაქვეითება 6 მგ/დლ-ზე (360 მმოლ/ლ) ქვემოთ.

ჰიპერურიკემია

როდესაც შარდმჟავას დონე 6 მგ/დლ-ს ან 360 მმოლ/ლ-ს აჭარბებს, წარმოიქმნება შარდმჟავა კრისტალები, რომლებიც ლაგდება ქსოვილებში, სახსრებში ან თირკმელებში და იწვევს სახსრების რევმატიულ ანთებას, შეშუპებას და ძლიერ ტკივილს, რაც უეცარი შეტევის ფორმით ვლინდება. სისხლში შარდმჟავას დონის მომატება „ჰიპერურიკემიის“ სახელით არის ცნობილი. თუ არ არის გამოვლენილი შარდმჟავა კრისტალების ჩალაგების სიმპტომები პოდაგრის ან თირკმლების დაზიანების სახით, ამ მდგომარეობას „უსიმპტომო ჰიპერურიკემიას“ უწოდებენ.