რა სახის გამოკვლევები გვეხმარება პოდაგრის (ნიკრისის ქარის) დიაგნოზის დასმაში?
თუ თქვენი ექიმი იეჭვებს, რომ პოდაგრა გაქვთ, დიაგნოზის დასადასტურებლად, ფიზიკური გასინჯვის გარდა, ის გამოიყენებს სადიაგნოზო საშუალებებს. კლინიკურად პოდაგრის დიაგნოზის დასმა ხდება შემდეგი მონაცემების საფუძველზე: სწრაფად განვითარებადი მონოართრიტი (ერთი სახსრის ანთება), რომელიც, ძირითადად, ვლინდება ფეხის ცერა თითის შესიებით და შეწითლებით. შარდმჟავა კრისტალების დანალექები, რომლებიც განლაგებულია სახსრის მიდამოში და ცნობილია „ტოფუსის“ სახელით, ასევე წარმოადგენს პოდაგრის სადიაგნოზო ნიშანს.
სისხლის ანალიზი
შარდმჟავას დონის მატების და დაავადების ანთებითი სტადიის გამოვლენა ხდება სისხლის ანალიზის მეშვეობით. ჯანმრთელ ადამიანებში, შარდმჟავას დონე მერყეობს 3-დან 6 მილიგრამამდე 100 მილილიტრ სისხლის შრატში. 100 მლ სისხლის შრატში შარდმჟავას დონის მაჩვენებელი თუ 6,5 მგ-ზე მეტია, საქმე გვაქვს ჰიპერურიკემიასთან.
თუმცა მხოლოდ სისხლის ანალიზით არ ხდება პოდაგრის დიაგნოზის სრული დადასტურება, შარდმჟავას შემცველობა მნიშვნელოვანია დიაგნოზის დადგენისა და შარდმჟავას დონის დამაქვეითებელ მედიკამენტებზე ორგანიზმის რეაქციის გასაზომად. შარდმჟავას დონის 6 მგ/დლ ან 360 მმოლ/ლ-ზე მაღალი მაჩვენებელი პოდაგრის დიაგნოზის სასარგებლოდ მეტყველებს.
პოდაგრის არსებობის დამატებით მტკიცებულებად ანთებითი პროცესის შემდეგი მაჩვენებლები გვევლინება:
- C-რეაქტიული პროტეინის დონის მომატება სისხლში;
- ლეიკოციტების რაოდენობის მომატება სისხლში
სახსარშიდა სითხის ანალიზი
პოდაგრის სადიაგნოზოდ მიღებულია დაზიანებული სახსრიდან სინოვიური სითხის (სახსარშიდა გამონაჟონი, რომელიც პოხავს და იცავს სასახსრე ზედაპირებს) სინჯის აღება.
აღებული მასალის მიკროსკოპული კვლევით შესაძლებელია შარდმჟავა კრისტალების აღმოჩენა. სინოვიურ სითხეში შარდმჟავა კრისტალების არსებობა ცალსახად მიუთითებს პოდაგრაზე. ზოგჯერ, სინოვიური სითხის სინჯის აღება მიზანშეწონილი არ არის და ექიმი დიაგნოზს სვამს სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ესენია: ტკივილი, პოდაგრის ოჯახური ისტორია და სისხლში შარდმჟავას მაღალი შემცველობა. არაანთებითი უბნებიდან შარდმჟავა კრისტალების მოპოვებამაც შეიძლება დაადასტუროს პოდაგრის დიაგნოზი.
ინსტრუმენტული გამოკვლევის თანამედროვე მეთოდები
გამოკვლევის ისეთმა თანამედროვე საშუალებებმა, როგორიცაა მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა, მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია და ულტრაბგერითი გამოსახვა (ულტრასონოგრაფია), საშუალება მოგვცა, ახლებურად შევხედოთ პოდაგრის დიაგნოზის დასმას.