პოდაგრა და შარდმჟავა

როდესაც შარდმჟავას დონე 6 მგ/დლ-ს ან 360 მმოლ/ლ-ს  აჭარბებს, წარმოიქმნება შარდმჟავა კრისტალები, რომლებიც ლაგდება ქსოვილებში, სახსრებში ან თირკმელებში და იწვევს  სახსრების ანთებას, შეშუპებას და ძლიერ ტკივილს, რაც „უეცარი აფეთქების“ ფორმით ვლინდება. ეს ფენომენი ცნობილია, როგორც პოდაგრა.

თქვენი შარდმჟავას დონის 6 მგ/დლ-ზე

ქვემოთ დაწევა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია პოდაგრის თავიდან ასაცილებლად

გაიგე მეტი

რა არის პოდაგრა?

პოდაგრა (ხალხში მას ნიკრისის ქარსაც უწოდებენ) ართრიტის ნაირსახეობაა - მისი ძირითადი გამოვლინებაა ერთი ან რამდენიმე სახსრის მტკივნეული ანთება; მას იწვევს სახსრებში შარდმჟავა კრისტალების წარმოქმნა ადამიანებში, რომელთაც აღენიშნებათ 6 მგ/დლ-ზე, ან 360 მმოლი/ლ-ზე მაღალი შარდმჟავას დონე. პოდაგრა  ყალიბდება წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით, გენეტიკური ფაქტორებისა და პურინებით მდიდარი საკვების მოხმარების ჩათვლით. პურინები არის ქიმიური ნაერთების ტიპი, რომელიც გვხვდება საკვებსა და სასმელში. შარდმჟავა პურინული ცვლის საბოლოო პროდუქტია. პურინები ყოველდღიური კვებითი რაციონის ნაწილია, მაგრამ პურინებით მდიდარი საკვების რეგულარული მიღება უკავშირდება პოდაგრის  განვითარების მომატებულ რისკს. პურინით მდიდარ საკვებს მიეკუთვნება ლუდი, წითელი ხორცი და ზღვის პროდუქტები, მაგალითად, კრევეტები და მოლუსკები.

ავადმყოფობის ადრეული სტადიები ხასიათდება სისხლში შარდმჟავას მომატებული შემცველობით 6 მგ/დლ-ზე, ან 360 მმოლი/ლ-ზე  მეტად. ამ მდგომარეობას ჰიპერურიკემია ეწოდება. პოდაგრის ნიშნები და სიმპტომები მოგვიანებით, რამდენიმე წლის შემდეგ ვლინდება.პოდაგრა მრავალსისტემური დაავადებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ზიანდება სხეულის სხვადასხვა ნაწილი, როგორიცაა სახსრები, მყესები, კანი და ყურის ხრტილი. ეს გამოწვეულია სისხლში შარდმჟავას დონის მომატებით. პოდაგრა ქრონიკული დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის მანძილზე ესაჭიროება მკურნალობა.

რა არის ჰიპერურიკემია?

ჰიპერურიკემია ხასიათდება სისხლში შარდმჟავას დონის მომატებით, რომელიც სიმპტომებით ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს. როდესაც შარდმჟავას დონე 6 მგ/დლ-ს ან 360 მმოლ/ლ-ს  აჭარბებს, წარმოიქმნება შარდმჟავა კრისტალები. კრისტალები ლაგდება ქსოვილებში, სახსრებში ან თირკმლებში და იწვევს  სახსრების ანთებას, შეშუპებას და ძლიერ ტკივილს, რაც „უეცარი აფეთქების“ ფორმით ვლინდება. ეს არის სიმპტომური ჰიპერურიკემია, ან პოდაგრა.

თუ სახეზე არ გვაქვს შარდმჟავა კრისტალების წარმოქმნის ნიშნები ან სიმპტომები, როგორიცაა პოდაგრა ან შარდმჟავით გამოწვეული თირკმლების დაავადება, ამას ეწოდება "უსიმპტომო ჰიპერურიკემია".

რამდენად გავრცელებულია პოდაგრა?

დასავლეთის ქვეყნებში პოდაგრის მქონე ადამიანების რიცხვი  იზრდება. ქალების დაახლოებით 1-2% და მამაკაცთა 3-6% დაავადებულია და ეს მაჩვენებლები  მატულობს.  80 წელზე მეტი ხნის ასაკში გავრცელება იზრდება მამაკაცებში 10% -მდე, ხოლო ქალებში 6%-მდე.

რა რისკის ფაქტორები არსებობს?

ასაკი

პაციენტების უმრავლესობას პოდაგრა 30-60 წლის ასაკობრივ შუალედში უვითარდება.

სქესი

მამაკაცებს უფრო ხშირად (80%) ემართება, ვიდრე ქალებს. ქალებში შარდმჟავას დონე უფრო დაბალია, თუმცა იმატებს მენოპაუზის შემდეგ.

კვებითი ჩვევები

ხორცისა და ზღვის პროდუქტების დიდი რაოდენობით მოხმარება დაკავშირებულია პოდაგრის განვითარების მომატებულ რისკთან, ხოლო რძის პროუქტების მოხმარება, პირიქით, აქვეითებს რისკს. პურინით მდიდარი ისეთი ბოსტნეულის ზომიერი მოხმარება, როგორიცაა ბარდა, ლობიო, ოსპი, ისპანახი, სოკო და ყვავილოვანი კომბოსტო, არ მიიჩნევა პოდაგრის განვითარების მომატებულ რისკად.

სიმსუქნე

ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის დროს შარდმჟავას წარმოქმნა უფრო ინტენსიურია  და მისი დაშლა - შეფერხებული. ამდენად, ჭარბწონიანი და მსუქანი ადამიანებისთვის უპრიანია რეგულარული ვარჯიში და კვებითი ჩვევების მოწესრიგება.

მედიკამენტები

ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, თიაზიდური შარდმდენები (გამოიყენება მღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ) და აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ზრდის სისხლში შარდმჟავას შემცველობას. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ შარდმჟავას დონეზე.

პოდაგრის ოჯახური ისტორია

თუ თქვენი ოჯახის წევრი დაავადებულია პოდაგრით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენც საფრთხის წინაშე დგახართ.

ასევე შეიძლება საინტერესო იყოს

პოდაგრის სიმპტომები

პოდაგრის სიმპტომები

პოდაგრა ანუ ნიკრისის ქარი ყალიბდება წლების განმავლობაში, როდესაც შარდმჟავას დონე აჭარბებს 6 მგ/დლ-ს, ან 360 მმოლი/ლ-ს...

გაიგეთ მეტი
გამომწვევი მიზეზები

პოდაგრის გამომწვევი მიზეზები

პოდაგრის ანუ ნიკრისის ქარის  განვითარებას, ჩვეულებრივ, ხელს უწყობს: არასწორი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, სიმსუქნე ან ჭარბწონიანობა...

გაიგეთ მეტი