როგორ უნდა შეცვალოთ თქვენი კვება?
ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს საკვებში პურინის შემცველობას. უკიდურესად მნიშვნელოვანია პურინით მდიდარი საკვების - ხორცის, თევზისა და ზღვის პროდუქტების მოხმარების მკვეთრი შემცირება. ასევე, თავი შეიკავეთ ექსტრემალური დიეტებისა და შიმშილისაგან, რადგან ისინი ხელს უწყობს შარდმჟავას დონის მატებას. შეიმუშავეთ დიეტის გეგმა. ქვემოთ შეგიძლით ნახოთ იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა ერიდოთ და რითიც შეგიძლიათ მათი ჩანაცვლება. თუ თქვენ სხვა მეტაბოლური დაავადებაც გაქვთ, დიეტა უნდა შეათანხმოთ ექიმთან.
რისი ჭამა და დალევა შეგიძლიათ?
დიეტა პოდაგრას არ განკურნავს, მაგრამ შეუძლია შარდმჟავას დონისა და მტკივნეული შეტევების განმეორებით აღმოცენების რიკის შემცირება, ასევე სახსრების პროგრესირებადი დაზიანების პროცესის შენელება.
რა სახის საკვებია ნებადართული?
პროდუქტები პურინების დაბალი შემცველობით
- მაწონი, რძე, კვერცხი
- უხეშად დაფქული მარცვლოვნების ნაწარმი
- ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი მცენარეული ზეთები (რაფსის ან სელის ზეთი)
- თხილეული სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და არ ზრდის პოდაგრის რისკს
- რძის პროდუქტები ცხიმის დაბალი შემცველობით: ცხიმგაცლილი ან ნაკლებცხიმიანი რძე, მაწონი, ხაჭო, ყველი
- მაღალი ცხიმიანობის მქონე რძის პროდუქტები - კარაქი, ნაღები, არაჟანი, ნაყინი, ცხიმიანი ყველი
- პოდაგრისა და შარდ-კენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ დღეში 2 ლიტრზე მეტი წყალი და ერიდონ გაუწყლოებას
რა სახის საკვებს უნდა ერიდოთ?
პურინებით მდიდარი საკვები
- ხორცის მოხმარება პოდაგრის განვითარების მომატებულ რისკს უკავშირდება (საქონლის, ღორისა და ცხვრის ხორცი, ხორცპროდუქტები - ძეხვი, სოსისი, შებოლილი ხორცპროდუქტები, ჰოთდოგები და ჰამბურგერები, ფრინველის - ქათმის და ინდაურის ხორცი, ფრინველისა და ცხოველის ღვიძლი)
- ზღვის პროდუქტები - თევზი და ზღვის პროდუქტები (საჭმელი მოლუკსები და კიბოსებრნი; ასთაკვი, ხამანწკა, კრევეტი)
- პურინებით მდიდარი ბოსტნეული (ბარდა, ლობიო, ოსპი, ისპანახი, სოკო, შვრია და ყვავილოვანი კომბოსტო)
- ალკოჰოლური სასმელი - ლუდი (უალკოჰოლო ლუდის ჩათვლით), და სპირტიანი სასმელები, შაქრიანი გამაგრილებელი სასმელები.
კვებითი რეკომენდაციები
რა კავშირშია ფრუქტოზა პოდაგრასთან?
ფრუქტოზა (ხილის შაქარი) ერთადერთი ნახშირწყალია, რომლის პირდაპირი ზემოქმედება შარდმჟავას მეტაბოლიზმზე დადასტურებულია. ის ასევე გარკვეულ როლს თამაშობს ინსულინისადმი რეზისტენტობის სინდრომის ფორმირებაში, რომელიც ზრდის დიაბეტისა და სიმსუქნის განვითარების რისკს; ორივე დაავადება კავშირშია პოადგრასთან.
ფრუქტოზის მოხმარებამ შეიძლება გაზარდოს შარდმჟავას დონე, განსაკუთრებით, ჰიპერურიკემიისა და პოდაგრის მქონე პაციენტებში. პაციენტები უნდა ეცადონ, შეამცირონ ფრუქტოზის შემცველი საკვების მოხმარება, მაგალითად, შეზღუდონ ტკბილი გამაგრილებელი სასმელების მიღება.
რატომ უნდა ერიდოთ ალკოჰოლს, განსაკუთრებით კი ლუდს?
ეთანოლი (ალკოჰოლი, ეთილის სპირტი) ზეგავლენას ახდენს შარდმჟავას დონეზე და, შესაბამისად, შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრა. კვლევების თანახმად, ეს რისკი ვარირებს ალკოჰოლური სასმელის ტიპის მიხედვით. ლუდის მოხმარება უფრო მაღალი რისკის შემცველია, ვიდრე სპირტიანი სასმელებისა, მაგრამ ღვინის ზომიერი მოხმარება არ ზრდის პოდაგრის რისკს.
ლუდში შემავალ პურინებს, მაგალითად, აბსორბციის (შეწოვის) მაღალი ხარისხის მქონე გუანოზინს, შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს სისხლში შარდმჟავას შემცველობაზე; შედეგად, პოდაგრის განვითარების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ღვინისა და მაგარი ალკოჰოლური სასმელების შემთხვევაში. დღეში ერთი ჭიქა ღვინო, როგორც თქვენი პოდაგრის დიეტის შემადგენელი ნაწილი, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და არ მიიჩნევა პოდაგრის რისკ-ფაქტორად.